დღეს, პირველ სექტემბერს პარტია ევროპულმა საქართველომ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ფოთში გამართა. როგორც პარტიის ლიდერებმა პრეზენტაციისას განაცხადეს, ეს იქნება "ხელშეკრულება ხალხთან, რომელიც გაფორმდება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან".
ევროპული საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს შემდეგ დაპირებებს აძლევს, რომელთაც ისინი "ხელშეკრულების პუნქტებს" უწოდებენ:
- "გადასახადების შემცირების შედეგად შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და წელიწადში ოჯახს საშუალოდ 2 000 ლარზე მეტი დარჩება.
- შემცირდება მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები 2 მილიარდით;
- მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი გადასახადების ნაწილი;
- გაორმაგდება პენსიები ;
- გაორმაგდება სოციალური დახმარებები;
- გაორმაგდება დევნილების დახმარებები;
- საკუთარი არჩევანის შემთხვევაში, ადამიანები დაიბრუნებენ საპენსიო ანაბრებს;
- ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები, მიწები, ტყეები და საძოვრები;
- სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები;
- გაფართოვდება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო;
- შემოღებული იქნება შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობა;
- დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი".
"ხელშეკრულებას" ხელს აწერს ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე გიგა ბოკერია. მათი განცხადებით, დოკუმენტი გადაეცემა ყველა მოქალაქეს საარჩევნო პერიოდში, რომლის ერთი ნიმუში მოქალაქეებთან დარჩება.
ევროპულმა საქართველომ, ასევე წარადგინა "ვალდებულებათა ბარათი", რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე:
- "გადასახადების შემცირების გზით შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და თითოეულ ოჯახს, ყოველწლიურად, 2 000 ლარი დარჩება მეტი საკუთება ხალხს;
- ხალხს და სოფლის თემებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ მთავრობის კუთვნილი ქონება, ტყეები, საძოვრები და მიწები. სიღარიბის დაძლევა;
- გაორმაგდება პენსია, სოციალურ და დევნილთა დახმარებები უსაფრთხო და დაცული ოჯახი;
- დამარცხდება კრიმინალი და ქუჩები გახდება უსაფრთხო, შეიქმნება დამოუკიდებლი სასამართლო".
ევროპულმა საქართველომ ახალი საარჩევნო სლოგანიც წარადგინა - "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის".